03 მაისი

      მსოფლიო ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის მცდელობაშია და მდგრადი განვითარების ახალი გლობალური დღის წესრიგის ჩამოყალიბებას ცდილობს, რომელშიც  პრესისა და გამოხატვის თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს ყველა დონეზე,  მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში,  ადამიანის უფლებების პატივისცემის გათვალისწინებით.

      ყველას უნდა შეეძლოს თავისუფლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია ნებისმიერი მედიასაშუალებით, ინტერნეტში ან ფორუმზე. ხარისხიანი ჟურნალისტიკა კი ხელს უწყობს მოქალაქეების, საზოგადოების ინფორმირებულობას, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას. შესაბამისად,  ეხმარება უსამართლობის, კორუფციის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლას. ამდენად, მნიშვნელოვანია ჟურნალისტიკის განვითარებისთვის არსებობდეს ხელსაყრელი გარემო, რომლის დროსაც ჟურნალისტის დამოუკიდებლობის ხარისხი იქნება მაღალი, ყოველგვარი უშუალო ჩარევის/ზეწოლის, ცენზურის გარეშე უსაფრთხოების გარანტიებით.

      მინდა პატივი მივაგო ყველა იმ ჟურნალისტის ხსოვნას, რომლებმაც თავი გასწირეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას და შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის თავისუფლებისთვის ბრძოლაში, აქვე ვულოცავ  ყველა აქტიურ და ყოფილ ჟურნალისტს, ჩემს ყოფილ კოლეგებს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს. ვფიქრობ,  ერთად უნდა გამოვიჩინოთ ძალისხმევა, რათა  მეტად შევუწყოთ ხელი პრესის თავისუფლებისა და მისი დემოკრატიული ხასიათის უზრუნველყოფას, ჟურნალისტების დაცვას,  ვინაიდან პრესის თავისუფლების მხარდაჭერით, სინამდვილეში ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებებს.