27 აპრილი

      საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2017 წლის ანგარიში ამჯერად განათლების, მეცნიერებისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე მოისმინეს, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა.

      მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსუდან (ნატა) იმედაიშვილმა და საბჭოს წევრმა ბეჟან გობაძემ სამაუწყებლო პოლიტიკისა და პრიორიტეტების პარალელურად, მაუწყებლის შენობის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, საკადრო პოლიტიკის, აუდიტის დასკვნების, მაუწყებელში არსებული გამოწვევებისა და რიგ სხვა საკითხების შესახებ ისაუბრეს.

      სხდომა, რომელსაც აჭარის მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ტელევიზიის რეიტინგი, რადიოს გავრცელების არეალი და ხელმისაწვდომობა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან რეგიონულ მაუწყებელზე გათვალისწინებული ბიუჯეტის წილის ზრდასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების აუცილებლობა, პრიორიტეტების შესაბამისობა არსებულ ფინანსებთან, სასამართლო დავები, საკადრო პოლიტიკა - საკითხთა ნაწილის ჩამონათვალია, რომელზე პასუხებიც სხდომის მონაწილეებმა მრჩეველთა საბჭოს წევრებისგან მოისმინეს.

      განსაკუთრებული  ყურადღება გამახვილდა საბჭოს მე-5 წევრის არჩევაზეც. ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, საკითხთან  დაკავშირებით კონსულტაციები თითქმის დასრულებულია და, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან აჭარის უმაღლესი საბჭო შესაბამის კონკურსს გამოაცხადებს. უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებით, მთავარი გამოწვევა მაუწყებლის რეიტინგია, რომლის მაჩვენებელმაც მე-8 ადგილიდან მე-15-ზე გადაინაცვლა.

      კომისიამ ერთხმად დაუჭირა მრჩეველთა საბჭოს ანგარიშის პლენარულ სხდომაზე გატანას.