26 აპრილი

        

       აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე სოციალური საწარმოს - „ადამიანები მოქმედებაში“ გახსნას დაესწრნენ.

       საწარმოს მთავარი მხარდამჭერი და პარტნიორია შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“, რომელიც 200-მდე ბენეფიციარს ყოველდღიურად საკვებით უზრუნველყოფს. ადგილზე, ბენეფიციარების ჩართულობით დამზადებული პურ-ფუნთუშეულის, ტკბილეულის შეძენასა და სტაციონარში შეტანას სწორედ აღნიშნული კლინიკა გეგმავს.

     სოციალური საწარმოსთვის 55 კვ.მ ფართის შენობა კლინიკის ტერიტორიაზე საავადმყოფოს  100 %-იანი წილის მფლობელმა - შპს „ჰელს ქეარ გრუპმა“  გაარემონტა და ა(ა)პი-ს „ადამიანები მოქმედებაში“ მემორანდუმით უსასყიდლოდ გადასცა.

     სოციალური საწარმო, „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ გამოცხადებულ „იდეების კონკურსში“ მიღებული გრანტით (8 000 ევრო)   შესაბამისი დანადგარებით აღიჭურვა, ხოლო ქ. ბათუმის მერიის თანადაფინანსებით შეძენილია მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ნივთები.

    საწარმოს მიზანი ფსიქიკური სერვისების მიმღები ქალბატონების დასაქმება, მათი რესოციალიზაცია, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაა.