აჭარაში ფაროსანასთან ბრძოლის შტაბი ამოქმედდა

13 აპრილი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე ფაროსანასთან ბრძოლის აჭარის საკოორდინაციო შტაბის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

   შტაბი ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, შპს „მექანიზატორის“ ადმინისტრაციულ შენობაში ამოქმედდა და მისი გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე ესწრებოდნენ. შტაბის გახსნის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა დაამონტაჟეს სპეციალური დამჭერი ხაფანგი (ფერომონი). მონიტორინგი სპეციალისტებს მავნებლის იდენტიფიცირებისა და გავრცელების არეალის დადგენის საშუალებას მისცემს. შედეგების მიხედვით დაიგეგმება მავნებლთან ბრძოლის ღონისძიებები.

   აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, აჭარას, 20 ათასი ლიტრი პრეპარატი და 3 500 ცალი ფერომონი გადმოეცა, რეგიონში მობილიზებული იქნება 6 ერთეული მაღალი გამავლობის სპეცმანქანა თავისი შესაწამლი აგრეგატებით. საჭიროების შემთხვევაში მზადაა შპს „მექანიზატორის“ 26 ერთეული სპეცტექნიკაც, რათა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს. შტაბში მოქმედებს ცხელი ხაზი: 15-01 მობილური: 595 10 23 97.

განცხადებები

დღის წესრიგი

რეგლამენტის პროექტი