03 აპრილი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა პროფესიულ კოლეჯ ,,ბლექსიში“,  სადაც განიხილეს შრომის, სახანძრო უსაფრთხოების,  საზოგადოებრივ ობიექტებში უსაფრთხოების სისტემების  პროფესიული სწავლების დანერგვის შესაძლებლობები.

  ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, აჭარაში მზარდია მშენებლობის ტემპი.  ყოველთვიურად იხსნება ახალი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები. ასევე მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს  საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ,’’ რომლის   თანახმად,  2019 წლიდან  დამსაქმებლებს ექნებათ ვალდებულება აიყვანონ  შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, რომელთა გადამზადება უნდა მოხდეს აკრედიტირებული პროგრამების შესაბამისად.  აქედან გამომდინარე,   არის საჭიროება  დაინერგოს შესაბამისი  სპეციალისტთა გადამზადების სასწავლო და პრაქტიკული უნარ-ჩვევების პროფესიული სასწავლო პროგრამები.

 პროფესიული კოლეჯის  ,,ბლექსის’’ დირექტორმა გიორგი გოგიტიძემ, კომისიის წევრებს წარუდგინა ინფორმაცია კოლეჯის მიმდინარე  საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების სწავლებასთან  დაკავშირებით.

  ლადო მგალობლიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ უახლოეს პერიოდში საზღვარგარეთის   შესაბამისი გამოცდილებისა და კომპეტენციის მქონე  საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით განხორციელდეს შესაბამისი პროგრამების მომზადება და დანერგვა. მისი განცხადებით, ის პირადად ჩაერთვება  პარტნიორი ორგანიზაციის  მოძიების პროცესში.

  სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი თავბერიძე.