15 იანვარი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.

   დეპუტატთა განცხადებების შემდეგ, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ინიციატორები: უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე, ნინო ჩხეტია, დავით ბაციკაძე), სხდომაზე დავით გაბაიძემ წარმოადგინა, რის გამოც, სხდომას, საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტიდან გამომდინარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე გაუძღვა.

   დავით გაბაიძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებით კონკრეტდება უმაღლესი საბჭოს სხდომაზე შესვენების გამოცხადების წესი. პროექტი კანონმდებლებმა 14 ხმით მიიღეს.

   დავით გაბაიძემ სხდომის მონაწილეებს კიდევ ერთი ინიციატივა  წარუდგინა - კანონის პროექტი  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე (ინიციატორები: უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე, ნინო ჩხეტია), ოპოზიციის საპროტესტო განცხადებების მიუხედავად, ასევე 14 ხმით დამტკიცდა. კენჭისყრის დასრულების შემდეგ დავით გაბაიძე სხდომის თავმჯდომარისთვის განკუთვნილ ადგილს დაუბრუნდა.

   დღის წესრიგის მესამე საკითხი უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 26 იანვრის N 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (ინიციატორები: უმაღლესი საბჭოს წევრები - ვახტანგ წულაძე, ნუგზარ სურმანიძე) სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა - ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა. პროექტის თანახმად, მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლებს ამიერიდან, შრომითი ხელშეკრულების ნაცვლად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება გაუფორმდებათ. დადგენილების პროექტს დარბაზში მყოფი 18 დეპუტატიდან 14-მა დაუჭირა მხარი.

    უახლოეს დღეებში აჭარის კონსტიტუციის ცვლილებებს საზოგადოება საჯაროდ გაეცნობა. უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი -  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა, სწორედ ზემოთ აღნიშნულ მიზანს ემსახურება. 12-წევრიან კომისიას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უხელმძღვანელებს და მასში, კანონმდებლებთან ერთად, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები იმუშავებენ. სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა კომისიაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა კვოტირების საკითხს მოჰყვა, თუმცა საბოლოოდ, დადგენილების პროექტი 14 ხმით დამტკიცდა.

   ცნობისათვის: აჭარის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ცვლილებას ითვალისწინებს, 14 დეპუტატი აწერს ხელს. საორგანიზაციო კომისია ორი კვირის ვადაში უზრუნველყოფს კანონის პროექტის საჯარო განხილვასა და გამოქვეყნებას, რის შემდეგაც პროექტი უმაღლესი საბჭოს დარგობრივ კომისიებში ჩაეშვება განსახილველად. კონსტიტუციის ცვლილება უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სამი მოსმენით მიიღება და საბოლოოდ, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ ახალი კონსტიტუციური კანონიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტს წარედგინება არაუგვიანეს 2018 წლის 20 აპრილისა.

   რიგგარეშე სესია გაიხსნა და დაიხურა სახელმწიფო ჰიმნით.