05 სექტემბერი

                

       5 სექტემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა.  შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.  დღის წესრიგის პროექტი, რომელიც კანონმდებლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარუდგინა, მცირედი ცვლილებით, ერთხმად დამტკიცდა.

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტების „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე (ავტორები აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები: დავით გაბაიძე, ნინო ჩხეტია, ვახტანგ წულაძე), ბიუროს გადაწყვეტილებით,  უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება.

       პროექტი კოლეგებს უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით გაბაიძემ წარუდგინა და იგი ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოებისთვის გრანტის პირდაპირი წესით მიღების უფლებამოსილების მინიჭებას ითვალისწინებს. მომხსენებლის განცხადებთ, ეს რიგით მეორე საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელსაც ამ მოწვევის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტში წარადგენს.