04 მაისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 4 მაისის სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვასთან დაკავშირებული საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი ანგარიში განსახილველად უმაღლესი საბჭოს კომისიებში ჩაეშვა და განისაზღვრა მისი განხილვის ვადები.

საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენი კანონის პროექტი, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ დავით თედორაძემ წარმოადგინა და ის აჭარაში საჯარო სკოლებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის უფლებამოსილების ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროსთვის დელეგირებას ითვალისწინებს. დადგენილების პროექტი ბიუროს გადაწყვეტილებით, უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება. კენჭისყრისას წინააღმდეგი მხოლოდ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი აღმოჩნდა. მისი აზრით, კანონის პროექტი დამატებით მომზადებასა და განხილვას საჭიროებს.

უახლოეს პლენარულ სხდომაზე, ამჯერად უკვე მეორე მოსმენით განიხილება საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ნინო ჩხეტიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

მომავალ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტზეც, რომელიც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის განსაზღვრისა და უმაღლესი საბჭოს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 28 ნოემბრის N4 დადგენილებაში ცვლილებას ითვალისწინებს. ნინო ჩხეტიას განცხადებით, ცვლილება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძის გასვლითაა განპირობებული.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის არჩევის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 28 ნოემბრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა, ბიუროს გადაწყვეტილებით, უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება. ცვლილების თანახმად, საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომისიების წევრთა რაოდენობა 8-ის ნაცვლად 7-ით განისაზღვრება. ამასთან, ახლა უკვე დამოუკიდებელი დეპუტატი პეტრე ზამბახიძე აღარ იქნება საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის წევრი, ვინაიდან ამ სტატუსის მქონე დეპუტატის კვოტით მასში „ბურჯანაძე-დემოკრატების“ წარმომადგენელი გიორგი ცინცქილაძე მუშაობს. რაც შეეხება პეტრე ზამბახიძეს, ის დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიაში იქნება.

ბიურომ ასევე განიხილა და ერთხმად მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაში შესატანი ცვლილებები.