10 თებერვალი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ნომერს ლევან ვარშალომიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე, 13 ხმით შეუწყდა. შესაბამისი დადგენილების პროექტი აჭარის უმაღლესი საბჭოს 10 თებერვლის რიგგარეშე სესიაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო მხოლოდ ერთმა დეპუტატმა - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მდივანმა პეტრე ზამბახიძემ. დადგენილების პროექტი, რომელიც დღის წესრიგში პირველ საკითხად იყო გაწერილი, სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. მისი განცხადებით, ლევან ვარშალომიძემ უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით 27 იანვარს მომართა.

ვინაიდან ლევან ვარშალომიძე უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის წევრი იყო, ცვლილება შევიდა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის არჩევის შესახებ“ უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 28 ნოემბრის N5 დადგენილებაშიც. შესაბამისი პროექტი ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა და იგი კანონმდებლებმა 14 ხმით დაამტკიცეს.

იმის გამო, რომ უმაღლესი საბჭოს წევრს დავით გაბაიძეს მის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი უნდა წარმოედგინა, უმაღლესი საბჭოს სხდომას, რეგლამენტის შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავალებით, მისი მოადგილე მერაბ კარანაძე გაუძღვა.

საკანონმდებლო პაკეტი : აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე დადგენილების პროექტები: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 27 დეკემბრის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 14 ნოემბრის N81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 20 დეკემბრის N99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ორგანოში პრესსამსახურის ბაზაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის შექმნას ითვალისწინებს.

მომხსენებლის განმარტებით, ამგვარად, საკანონმდებლო ორგანოს აპარატის პრესსამმსახურსა და აპარატის ადმინისტრაციაში მომუშავე მომიჯნავე ფუნქციების მქონე სპეციალისტები ერთ სტრუქტურულ ერთეულში იმუშავებენ.

კანონმდებლებმა რეგლამენტის პროექტსა და მისგან გამომდინარე დადგენილებების პროექტებს ცალ-ცალკე უყარეს კენჭი და საბოლოოდ, საკანონმდებლო პაკეტი, შენიშვნებით, ერთხმად დამტკიცდა.

13 ხმით ერთის წინააღმდეგ დამტკიცდა დავით გაბაიძის მიერ წარმოდგენილი კიდევ ერთი დადგენილების პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 27 დეკემბრის N19 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. მისი მიღება საქართველოს კანონმდებლობაში გახორციელებულმა ცვლილებებმა განაპირობა. დეპუტატ პეტრე ზამბახიძის განცხადებით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შესაბამისი კომპეტენცია აუცილებლად უნდა ჰქონდეს, სწორედ ამიტომ მან დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს სხდომას კვლავ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე გაუძღვა.

კანონმდებლებმა, 13 ხმით ერთის წინააღმდეგ, დაამტკიცეს კიდევ ერთი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატანი ცვლილების პროექტი და მისგან გამომდინარე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უმაღლეს საბჭოში ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის წარდგენისათვის 3 თვის (ნაცვლად 2 თვისა) ვადას განუსაზღვრავს. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანო ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ გადაწყვეტილებას, აღნიშნული ცვლილებით, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე (ნაცვლად 1 მაისისა) მიიღებს.

რიგგარეშე სესია გაიხსნა და დაიხურა სახელმწიფო ჰიმნით.