09 თებერვალი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში უახლოეს მომავალში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება. კანონმდებლებმა შესაბამის დებულებაზე 9 თებერვლის ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა. მისი განცხადებით, ინიციატივა საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრებისას გამოიკვეთა და ამ იდეას კანონმდებლებმაც დაუჭირეს მხარი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო საზოგადოებრივ საწყისებზე მოქმედი სათათბირო ორგანო იქნება, რომლის წევრთა რაოდენობას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე განსაზღვრავს. საბჭო საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით იმუშავებს, თუმცა ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უფლება ექნება, სურვილისამებრ, დაითხოვოს ის, ან მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მისი საქმიანობის გაგრძელებაზე. საბჭოში, წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, გაერთიანდებიან როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ისე დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები, ასევე უმაღლესი საბჭოს აპარატში დასაქმებული პირები. თითოეულ მათგანს სათათბირო ორგანოდან გასვლა პირადი განცხადების საფუძველზე შეეძლება. ანალოგიური საბჭო წინა მოწვევების საკანონმდებლო ორგანოშიც მოქმედებდა. ამასთან, არ არის გამორიცხული მსგავსი სათათბირო ორგანოები დარგობრივ კომისიებთანაც შეიქმნას. ბიურომ, მცირედი შენიშვნებით, საბჭოს დებულება, რომელიც სხდომის დღის წესრიგში რიგით მეხუთე საკითხად იყო გაწერილი, ერთხმად დაამტკიცა. დავით გაბაიძემ ბიუროს წევრებს მანამდე კიდევ ორი საკითხი წარმოუდგინა. მის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი : აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე დადგენილების პროექტები: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 27 დეკემბრის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 14 ნოემბრის N81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 20 დეკემბრის N99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე გამარტივებული წესით განიხილება. კანონმდებლებმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტთან დაკავშირებითაც, რომელიც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 27 დეკემბრის N19 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებას ითვალისწინებს.

უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე განიხილება „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის ლევან ვარშალომიძისათვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხიც, რომელიც ბიუროს სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. სხდომაზე, შესაბამისად, განიხილება დადგენილების პროექტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს კომისიების შემადგენლობის არჩევას შეეხება.

ბიურომ ასევე იმსჯელა დღის წესრიგში ნინო ჩხეტიას წინადადებით დამატებულ კიდევ ერთ საკითხზე, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ გამოიტანა - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატანი ცვლილების პროექტი და მისგან გამომდინარე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს სხდომაზე განიხილება.

კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე სულ 6 საკითხი განიხილეს.