13 იანვარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის 13 იანვრის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს.

აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, პროექტი დარგის 7 ძირითად მიმართულებას მოიცავს და თითოეული მათგანი, თავის მხრივ, შესაბამის ქვეღონისძიებებს ითვალისწინებს.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, დოკუმენტი განხილვისათვის გადაგზავნილი იყო რეგიონის მუნიციპალიტეტებში, ასევე რიგ უწყებებსა და ორგანიზაციებში. შემოსული წინადადებების ნაწილი სამინისტრომ სათანადო შესწავლისა და ანალიზის შემდგომ გაითვალისწინა. მინისტრისავე განცხადებით, პროექტი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულ ანალოგიურ დოკუმენტთან და ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობასთან. სხვადასხვა მიმართულების განვითარების მიზნით გაწერილი სამი ათეული ღონისძიება რეგიონს სამომავლოდ მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატთა შეკითხვებს.

-კარგად და სწორად შედგენილი დოკუმენტი, - ასე შეაფასა მინისტრის მიერ წარმოდგენილი პროექტი აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ. მისი თქმით, ეს არის ცოცხლი დოკუმენტი, რომელშიც ცვლილებების განხორციელება ახალი გამოწვევების შესაბამისად იქნება შესაძლებელი.

კომისიის წევრებმა წარმოდგენილი სტრატეგია მოიწონეს და ცნობად მიიღეს. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა.

ამავე სხდომაზე კანონმდებლებმა განიხილეს და ერთხმად მიიღეს ცნობად საქართველოს პარლამენტიდან შემოსული კანონპროექტები, რომლებიც კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა.