26 დეკემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 26 დეკემბრის ბიუროს სხდომა კორექტირებული დღის წესრიგით წარიმართა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ ორი საკითხის დამატების წინადადებით მიმართა, რასაც ბიუროს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფელბამოსილების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების თაობაზე“ ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილება. საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, კანონის პროექტი, რომლის ინიციატორი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეა, საკანონმდებლო ორგანოს კომისიებმა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებისა და ვადების დაცვით განიხილეს. მომზადდა შესაბამისი დასკვნებიც.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის - დავით თარხან-მოურავის ადგილმონაცვლედ ზაზა ოქუაშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხი ასევე განიხილება უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ნინო ჩხეტიას განცხადებით, უსკო-დან წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ბიურომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

კანონმდებლებმა ანალოგიური გადაწყვეტილება ასევე ერთხმად მიიღეს დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებითაც - უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზევე განიხილება საკანონმდებლო ორგანოს კომისიების შემადგენლობაში ცვლილების საკითხიც. საუბარია ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიების შემადგენლობების ცვლილებაზე, რაც ასევე დავით თარხან-მოურავისათვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტითაა განპირობებული.