19 დეკემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 19 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიური ბიუჯეტის შესახებ“ და შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტი (გადამუშავებული ვარიანტი) ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარუდგინა.

მომხსენებლის განცხადებით, კანონის პროექტიც და პრიორიტეტების დოკუმენტიც მთავრობიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დაცვით შემოვიდა. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივ კომისიებსა და ფრაქციებში მათი განხილვის პროცედურები იწყება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განმარტებით, რეგიონის მომავალი წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის თანახმად, მთავარი საფინანსო დოკუმენტი 77 მილიონი ლარითაა გაზრდილი.

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხიც - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ უმაღლესი საბჭოს კომისიებმა და ფრაქციებმა 20 დეკემბრამდე უნდა განიხილონ. შესაბამისი გადაწყვეტილება ბიურომ ერთხმად მიიღო.

საკანონმდებლო ორგანოს კომისიებსა და ფრაქციებში განიხილება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების თაობაზე (09-01-08/04, 15.12.2016 წ). საკითხი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.