23 ოქტომბერი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგის პროექტში ცვლილების შეტანის შემდეგ, 4 საკითხი განიხილეს.

    კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ინიციატივის ავტორმა  ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით კანონპროექტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განიხილავენ.

    კანონის პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ დეპუტატებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ გააცნო.

    საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის ოქტომბერში, “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მიღებამ, ასევე 2018 წლის მაისში აჭარის კონსტიტუციაში განხორციელებულმა ცვლილებებმა აჭარის  მოქმედი კანონების ახალ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა წარმოშვა. აქედან გამომდინარეობს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტიც, რომელიც მთლიანად ანაცვლებს მოქმედ კანონს და განსაზღვრავს აჭარის მთავრობის საქმიანობის წესს. ცვლილებების თანახმად, მთავრობის 4 საქვეუწყებო დაწესებულება, ახალი წლიდან, დარგობრივი სამინისტროების დაქვემდებარებაში გადადის.

   ბიუროს გადაწყვეტილებით კანონპროექტი უმაღლესი საბჭოს კომიტეტებს გადაეგზავნა განსახილველად. წამყვან კომიტეტს 14, ხოლო სხვა კომიტეტებს 10 დღე განესაზღვრათ დასკვნების წარმოსადგენად.

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაში შესატანი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსმა მაია ხაჯიშვილმა  წარმოადგინა, რომელსაც ბიუროს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

    სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტებზე ისაუბრა და დეპუტატებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.