17 აპრილი

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა, აჭარის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს.

     სხდომაზე, რომელსაც  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრები - რამაზ ბოლქვაძე, ზაალ მიქელაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიასთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, ძირითადი მოხსენებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე წარსდგა.  მისი განცხადებით, საანგარიშო წლის ბიუჯეტის შემოსულობები 112,7 %-ით შესრულდა, გამოიკვეთა საშემოსავლო გადასახადის ზრდა, რაც, მინისტრის განმარტებით, სწორი საინვესტიციო პოლიტიკისა და შესაბამისად, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდითაა განპირობებული.

     რამაზ ბოლქვაძემ, საბიუჯეტო პარამეტრების მაჩვენებლების პარალელურად, ისაუბრა რეგიონისათვის უმნიშვნელოვანეს პროექტებზე,  რომელთა განხორციელებაც 2017 წელს დაიწყო და სასიკეთოდ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

     რეგიონის 2017 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტით გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების შესრულებაზე ისაუბრა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. მისი განცხადებით, სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტი 99,6 %-ით შესრულდა. ამასთან, 2016 წელთან შედარებით, უწყებამ 6 ახალი პროგრამა  განახორციელა. საანგარიშო წლის განმავლობაში, საერთო ჯამში, უწყების  მიერ რეალიზებული 28 პროგრამის ფარგლებში 10 474-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

     მინისტრებმა უპასუხეს სხდომის მონაწილეთა შეკითხვებს და მოისმინეს მათი მოსაზრებები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით.

    კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილი ანგარიშის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.