25 სექტემბერი

                                       

        ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოში გიორგი რომანაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, ქობულეთში სტიქიის ზონაში შექმნილ მდგომარეობას გაეცნო. მათთან ერთად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ: ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ილია ნაკაიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ ჩიქოვანი.

       როგორც ცნობილია, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერული პროცესები გააქტიურდა. დაზიანდა შიდა და ცენტრალური სასოფლო გზები სოფელ ქობულეთში, ზედა სამებაში, წყავროკაში, ზენითსა და კონდიდში. აბონენტთა ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მეწყრული პროცესების განვითარებისთანავე, სამაშველო და მუნიციპალური სამსახურები, აჭარის საგზაო დეპარტამენტის ტექნიკის დახმარებით, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

         სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად სოფელ ქობულეთში შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომლის მუშაობაში ჩაერთვნენ აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი  გიორგი რომანაძე და აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი. შტაბის სხდომაზე შემუშავდა სტიქიის სალიკვიდაციო გეგმა. საგანგებო რეჟიმში მუშაობდა სამაშველო სამსახური, მობილური ბრიგადები, ელექტრიკოსთა ჯგუფები და ყველა სხვა შესაბამისი სამსახური.