ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული - „შემოდგომა ქედაში“ საზეიმოდ აღინიშნა. ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში შეკრებილებს ტრადიციული დღესასწაული აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა - დენის სალუქვაძემ, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა - მამუკა თურმანიძემ, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
მაღალმთიანეთის ეკონომიკური განვითარება-გაძლიერების, ადგილობრივი, განუმეორებელი და საუკუნოვანი ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა თავის მისასალმებელ სიტყვაში დავით გაბაიძემ და მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულ მერს, მამუკა თურმანიძეს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ღონისძიების ფარგლებში, ტრადიციულად, გამოვლინდნენ საპატიო ქედელები, მოეწყო ადმინისტრაციული ერთეულების თემატური კუთხეები, სამუზეუმო ექსპონატების, ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა, ასევე ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სადეგუსტაციო სივრცეები, სადაც წარმოდგენილი იყო ქედის მარნების ღვინის ნაირსახეობა. სახალხო ზეიმის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ კულინარიულ მასტერკლასებს, წამახალისებელ სპორტული აქტივობებსა და საბავშვო გასართობ ღონისძიებებს.
„შემოდგომა ქედაში“ საზეიმო კონცერტით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და მოწვეული მუსიკალური ბენდები მონაწილეობდნენ.