შუახევის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „მარეთობა“ საზეიმოდ აღინიშნა. მაღალმთიანეთის მცხოვრებლებსა და მათ სტუმრებს ტრადიციული დღესასწაული აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს.
სახალხო ზეიმი, ამჯერადაც, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა, დაჯილდოვდნენ „საპატიო მარეთელები“. ეს წოდება სხვადასხვა სფეროში გამორჩეულ ადამიანებს, ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და წარმატებულ ახალგაზრდებს მიენიჭათ. ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო დეკორატიული კუთხეები, ტრადიციული სამზარეულო, სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები და მარეთის ხეობის ტრადიციების ამსახველი ფოტო-გამოფენა.
დღესვე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ფრიდონ ქარცივაძის სახელობის სკვერში ყვავილებით შეამკეს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.