„დებატები დაგეხმარებათ თვითორგანიზებაში, გუნდურ მუშაობაში, პრეზენტაციებზე, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში. დებატები მნიშვნელოვანია თქვენი სამომავლო განვითარებისთვის “, - აღნიშნა ქობულეთის დელეგატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ ქობულეთისა და ჩაქვის პირველი საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის გამართულ დებატებზე.
დებატების (თემა) რეზოლუცია: ,,თუ კანონი უსამართლოა, მაინც კანონის მიხედვით უნდა მოვიქცეთ!" თავად ახალგაზრდებმა შეარჩიეს და საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. საკუთარი მოსაზრებების, არგუმენტებისა და წინადადებების პარალელურად, მოდებატეები უმაღლესი საბჭოს წევრის გამოცდილებით დაინტერესდნენ. ცოტნე ანანიძემ დებატების მნიშვნელობასა და კულტურაზე, როგორც კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბებისა და გუნდურობის უნარების გამომუშავების ინსტრუმენტზე ისაუბრა და აქტუალური თემით დაინტერესებისთვის მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა.