საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა, სსიპ ,,ბათუმის ბულვარის" 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და მიმდინარე წელს, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. სხდომაზე, შესაბამისი მოხსენებით, ,,ბათუმის ბულვარის" დირექტორი - ლაშა მიქელაძე წარსდგა.
მომხსენებლის განცხადებით, ბათუმის ბულვარი რეგიონის ყველაზე დიდი ტურისტული ლოკაციაა, რომელიც ვიზიტორთა მზარდი რაოდენობით გამოირჩევა. 2023 წელს, უწყების ბიუჯეტი 12 მილიონ 800 ათას ლარს აჭარბებდა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო, გამწვანების სამუშაოები, განახლდა ცალკეული ლოკაციები, სპორტული, საპლაჟო ინფრასტრუქტურა და ა.შ.
ლაშა მიქელაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო ბათუმის ბულვარის მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებში, ასევე მოპოვებული საერთაშორისო ჯილდოები. მომხსენებელმა აქვე ისაუბრა 2024 წლის ტურისტული სეზონისთვის მიმდინარე ღონისძიებებზე და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს სიახლედ სკეიტპარკი დაასახელა, რომლის ლიცენზირებაზე მუშაობა დაწყებულია და 2025 წლისთვის აქ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კანონმდებლებმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.