05 ივნისი

   „582 ოჯახი, რომელსაც რთულ პირობებში უწევდა ცხოვრება, დღეს მიიღებს 582 ახალ ბინას, მათ შორის 800 ბავშვია. მოქალაქეებზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა და დღევანდელი დღე ამის გამოხატულებაა,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებისთვის ბინების გადაცემისას.

   ღონისძიებაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, თორნიკე რიჟვაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ირაკლი კობახიძემ ახალი საცხოვრებელი ბინის გასაღები ქოქოლაძეების მრავალშვილიან ოჯახს გადასცა და ყველას მიულოცა ახალმოსახლეობა.

   მასშტაბური სოციალური პროექტის ფარგლებში, რომელიც აჭარის ბიუჯეტიდან 38 მილიონზე მეტი ლარით დაფინანსდა, აშენდა სამი 12-სართულიანი კორპუსი. თუმცა, როგორც თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პროექტი გრძელდება და დაგეგმილია 1000-ზე მეტი ოჯახის ახალი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა. აქვე მოეწყობა სათანადო ინფრასტრუქტურა, აშენდება სკოლა, საბავშვო ბაღი, გათვალისწინებულია რეკრეაციული ზონა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი