30 სექტემბერი

      აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში - ფრიდონ ფუტკარაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიხაძირში ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს - „ტბელობას“ დაესწრნენ.

      წლევანდელი ზეიმი გამორჩეულია ისტორიული ხეობის მცხოვრებთათვის - ხიხაძირში, გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და მოღვაწის - ტბელ აბუსერისძის სახლ-მუზეუმი გაიხსნა.

       სახალხო დღესასწაულზე, ამჯერადაც დააჯილდოვეს საპატიო ხიხაძირელები და საპატიო ხულოელები. ჯილდო ასევე გადაეცა ლერი აბულაძეს, რომელმაც ახლახანს ბელგრადში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

         ღონისძიება ტრადიციულად, სხალთიდან, შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმიდან დაიწყო, სადაც ზეიმის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს  ღვაწლმოსილი მამულიშვილი, მისი დამსახურება ქვეყნისა და ერის წინაშე.

   დიდი მეცნიერისა და შემოქმედის - აბუსერისძე ტბელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ტბელობა“, სოფელ ხიხაძირში, ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივებისა და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით დასრულდა.