აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, დელეგაციის წევრებთან ერთად, ზალცბურგში მიმდინარე მე-19 ევროპულ სამიტში მონაწილეობის პარალელურად, შეხვედრებს მართავს ევროპული სტრუქტურების ოფიციალურ პირებთან და რეგიონულ ლიდერებთან.
ვიზიტის ფარგლებში, დავით გაბაიძე შეხვდა ევროკომისარ - იოჰანეს ჰანსს, რომელიც სამიტის მეორე დღეს მთავარი მოხსენებით წარსდგა.
დელეგაციის წევრებმა აჭარის უმაღლეს საბჭოსა და ზალცბურგის ლანდტაგის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს ლანდტაგის პრეზიდენტთან, ბრიჯიტა პალლაუფთან გამართულ შეხვედრაზე.
ყურადღება გამახვილდა ღია მმართველობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით საკანონმდებლო ორგანოების გამოცდილებაზე. აღინიშნა, რომ ორივე ინსტიტუცია, ამ მხრივ, რეგიონული და ქვეყნის მასშტაბით ლიდერობს, რაც თანამშრომლობის ინტერესს და შესაძლებლობებს კიდევ უფრო ზრდის.
საუბარი შეეხო რეგიონული თანამშრომლობის საკითხებსა და პერსპექტივებს. ამასთან, დავით გაბაიძემ, ლანდტაგის დელეგაცია, 2024 წელს, ბათუმში დაგეგმილ რეგიონული პარლამენტების კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც უმაღლესი საბჭოს ინიციატივითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართება.
დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ზალცბურგის სასოფლო-სამეურნეო პროფესიული სკოლა.
აჭარას ზალცბურგის სამიტზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - ზაზა შავაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ზაურ ახვლედიანი წარმოადგენენ.