„ბათუმსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე რეკრეაციული ზონების მოწყობა გრძელდება. ამ ეტაპზე, მირიან მეფის ქუჩის N13-15-ის მიმდებარედ შენდება სკვერი, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ მიმდინარე სამუშაოების გაცნობისას. უმაღლესი საბჭოს წევრი ობიექტზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან - გიორგი მანველიძესთან, ქალაქ ბათუმის მერთან - არჩილ ჩიქოვანთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
ახალმშენებარე სკვერში დასრულებულია ტრენაჟორებისა და საბავშვო ატრაქციების მონტაჟი, დაიგო კაუჩუკის საფარი. მშენებლები ამჟამად ტროტუარების მოწყობაზე, ფილების, მწვანე კორდის დაგებასა და ელექტროგანათების მონტაჟზე მუშაობენ, განთავსდება საპარკე ინვენტარიც. სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.
სკვერის მოწყობის სამუშაოები, პარალელურად, მიმდინარეობს ანწუხელიძისა და ადლიის ქუჩების კვეთაშიც, სადაც სპორტული მოედანიც განთავსდება. წელს ბათუმში უკვე მოეწყო 7 სკვერი, უახლოეს დღეებში დაიწყება ევროპის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სკვერი მოეწყობა თამარ მეფის გზატკეცილის N 20-ის მიმდებარედ, ასევე, დაგეგმილია ჩაქვის რეკრეაციული სივრცის მოწყობაც.