ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. ამასთან, ქალაქს, სკოლამდელი აღზრდის სამი, ახალი დაწესებულება შეემატა. საზეიმო გახსნას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ტიტე აროშიძე, დავით ბაციკაძე და ფატი ხალვაში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან, ბათუმის მერთან - არჩილ ჩიქოვანთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
„სასიხარულოა, რომ ამიერიდან ახალი საბავშვო ბაღები გვაქვს ბაგრატიონის, ქათამაძის ქუჩებზე, ასევე დაბა ჩაქვში - ჭავჭავაძის ქუჩაზე. აღნიშნული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 800-ზე მეტ აღსაზრდელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ.
„ზოგად-საგანმანათლებლო თუ სააღმზრდელო დაწესებულებებზე ბოლო დროს გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, ბათუმში არაერთი პროექტი ხორციელდება და ეს პროცესი შეუქცევადია,“ - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ.
უმაღლესი საბჭოს წევრის, ფატი ხალვაშის განცხადებით, სამი ახალი ბაღის მშენებლობაზე, ბათუმის ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი დაიხარჯა.