უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტმა აჭარის 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი ცნობად მიიღო.
სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ დოკუმენტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა.
ჯაბა ფუტკარაძემ, მომდევნო ოთხი წლის პრიორიტეტების ძირითადი პარამეტრების, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმილი ინფრასტუქტურული, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სხვა მიმართულებით განსახორციელებელი პროგრამების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, მომავალი წლისთვის საგრძნობლად გაიზრდება ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი, იქნება სიახლეები და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება სიღარიბის დასაძლევად.
მომხსენებელმა უპასუხა სხდომაზე დასმულ კითხვებს, რომელთა ნაწილი მოქალაქეებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა.