უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე უძღვებოდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი - ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაცია განიხილეს. შესაბამისი მოხსენებები ფინანსთა და ეკონომიკის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებმა - ჯაბა ფუტკარაძემ და ნინო ნიჟარაძემ წარმოადგინეს.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა 2024 -2027 წლების პრიორიტეტების ძირითადი პარამეტრები წარმოადგინა. მისი განცხადებით, ძირითადი აქცენტები კვლავ ინფრასტრუქტურულ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და სხვა მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზეა გადატანილი, სიახლეებია სოფლის მეურნეობის სფეროში. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, 2024 წლისთვის, საშემოსავლო გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პრიორიტეტების დოკუმენტით გათვალისწინებულ პროგრამებზე ისაუბრა ნინო ნიჟარაძემ. მინისტრის განცხადებით, უწყების მომავალი წლის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარს გადააჭარბებს, აქედან 18 მილიონ ლარზე მეტი ჯანდაცვას, ხოლო 15 მილიონზე მეტი სოციალური დაცვის მიმართულებით გაიხარჯება. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სიახლეებზე და აღნიშნა, რომ ყველა პროგრამა მოსახლეობის საჭიროებებზეა ორიენტირებული.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების გაგრძელებას.