აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეორე საერთაშორისო კონფერენციის - „ადრეული განათლება და ზრუნვა“ გახსნას დაესწრო.
კონფერენციაში, რომლის მთავარი თემაა - „თამაში: ხარისხიანი ადრეული განათლებისა და ზრუნვის საფუძველი“, მეცნიერებთან და მკვლევარებთან ერთად, სტუდენტები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF Georgia), იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა (JICA) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობითა და მხარდაჭერით იმართება.