„მაჭახელას ხეობა, თავისი ბიომრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობით თანამედროვე მსოფლიოს არცერთ ხეობას არ ჩამოუვარდება. ეს ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის ეროვნული საგანძური და სიმდიდრეა,“ - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მაჭახელას ხეობაში, „ეთნოსოფლის“ ვიზიტორთა პირველი ცენტრის გახსნაზე.
„ეთნოსოფლის“ მასშტაბური პროექტი, რომლის განხორციელებაც შარშან დაიწყო, რამდენიმე წელზეა გათვლილი და საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას, ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძეგლების რეაბილიტაციასა და სხვა ტურისტულ-ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოიცავს.
პროექტის განხორციელებას წინ უსწრებდა აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები - განისაზღვრა ხეობის სტატუსი და უფლებამოსილებები. მიღებული კანონები ეროვნული პარკის დაცვას, აღდგენასა და გონივრული გამოყენების ხელშეწყობას ითვალისწინებს, რაც სასიკეთოდ აისახება ისტორიული ხეობის, მისი მცხოვრებლების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის დეპუტატები აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში- ფრიდონ ფუტკარაძე და ანზორ ბოლქვაძე, მთავრობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ხეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მაჭახელას ეროვნული პარკის პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა აქტივობები გაიმართა.