ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ცოტნე ანანიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან კარლ ჰარცელთან ერთად, "ოუფენ ნეტის" (Open Net) წარმომადგენლებისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მონაწილეობით დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც „ოუფენ ნეტი“ ახორციელებს, წარმატებით გრძელდება და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ, სადაც უკვე აშენებულია 140 კმ ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, ქსელის მშნებლობა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეორე საპილოტე პროექტით გრძელდება.
საპილოტე პროექტები გაგრძელდება იმ დიდი პროექტით, რომელიც მსოფლიო ბანკმა, საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა.
პროექტ "Log in Georgia" დაახლოებით, 1000 დასახლებული პუნქტს, მათ შორის, მაღალმთიან სოფლებს მოიცავს, რითაც 500,000 ადამიანი ისარგებლებს. ქსელის მშნებლობა ხორციელდება „ოუფენ ნეტის“ მიერ, ხუთი წლის განმავლობაში, კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით.
ზენითის სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია, შეფასდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აშენებული ინფრასტრუქტურული პროექტი და განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები. ევროპის საინვესტიციო ბანკი დაინტერესებულია ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამით და მსოფლიო ბანკთან ერთად, აქტიურად გეგმავს მასში ჩართულობას.
სამუშაო შეხვედრას ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.