აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შექმნილია უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ - გენდერული თანასწორობის საბჭო). გენდერული თანასწორობის საბჭოს სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან ურთიერთობა განისაზღვრება რეგლამენტითა და გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭო.
გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობას უმაღლესი საბჭოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე.
გენდერული თანასწორობის საბჭო უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი. შემუშავებული სამოქმედო გეგმა უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარედგინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული საკანონმდებლო ინიციატივის წესით;
ბ) განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები კანონმდებლობაში არსებული გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად;
გ) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საბჭოსთან ერთად დაგეგმოს და განახორციელოს სხვადასხვა სახის ღონისძიებები;
დ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის;
ე) გამოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარმოდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;
ზ) განახორციელოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.