საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

03.სექტემბერი.2026
აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე და ზურაბ პატარაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან - მაია ხაჯიშვილთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან - ირაკლი ცეცხლაძესთან და საქართველოს პარლამენტში ქობულეთის დელეგატთან - გია ჭყონიასთან ერთად, კოლეჯ „ახალი ტალღის“ სტუდენტებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.
 
შეხვედრას, რომლის მთავარი თემა პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, სტუდენტებისა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობები იყო, ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
 
"დღეს, როდესაც ჩვენს ქვეყანას ახალი შესაძლებლობები აქვს, პროფესიული განათლების განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება - ის პირდაპირ უკავშირდება სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ განვითარებას, თითოეული ადამიანის შესაძლებლობას, მიიღოს ცოდნა, პროფესიული უნარები და ეს ცოდნა მომავალ საქმიანობაში გამოიყენოს.
 
შემთხვევითი არ არის, რომ მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით დღეს ეს შეხვედრა იმართება - ეს არის გზავნილი, რომ პროფესიული განათლება სახელმწიფოს პრიორიტეტია და ამ მიმართულებას მხარდაჭერა მომავალშიც ექნება. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, მიიღონ თანამედროვე ცოდნა და უნარები, ღირსეულად დასაქმდნენ და საკუთარი წარმატებით ქვეყნის განვითარებაში შეიტანონ წვლილი,"- აღნიშნა ცოტნე ანანიძემ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
 
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს ინფორმაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილე მასწავლებლებისა და სტუდენტების მიერ საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის, გამოცდილებისაა და პრაქტიკის მნიშვნელობაზე.
ქვეპროგრამას - „პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა“ აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო 2023 წლიდან ახორციელებს. პროგრამის განხორციელების პერიოდში 25 მასწავლებელი იმყოფებოდა გერმანიაში, ხორვატიაში, ესტონეთსა და პორტუგალიაში, სადაც გაეცნენ პროფესიული განათლების თანამედროვე მიდგომებსა და პრაქტიკას.
 
წელს, პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა 10 სტუდენტი - ხუთი კოლეჯ „ბლექსიდან“ და ხუთი კოლეჯ „ახალი ტალღიდან“. ისინი ერთი თვის განმავლობაში ესტონეთის რესპუბლიკაში, ვალგამას სახელმწიფო პროფესიულ სასწავლო ცენტრში, სტუმარმასპინძლობის და კვების მიმართულებით გაცვლით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.
სურათები