„კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი საერთო მეხსიერება და ჩვენი იდენტობის საყრდენია. ძალზე მნიშვნელოვანია მსგავსი სემინარების ორგანიზება, მით უფრო, როცა თემატიკა ეხება შავი ზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ზონას, რომელიც გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით, როგორც ისტორიული, ისე ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ საერთაშორისო სემინარზე - „შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები - რეალობა და პერსპექტივები“.
ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ ორგანიზებული სემინარი, ამავე სააგენტოს ხელმძღვანელმა,ზაურ ახვლედიანმა გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით თედორაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ღონისძიებას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს წევრი - გოგი ფუტკარაძე, საქართველოს, პოლონეთის, თურქეთის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების სამეცნიერო წრეებისა და დარგის სპეციალისტები.
სემინარის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვისა და მართვის მიმართულებით ინფორმაციის გაცვლა, სიახლეების გაცნობა, სპეციალისტთა შორის კომუნიკაცია და მჭიდრო სამეცნიერო-კვლევითი, კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებაა. ღონისძიების თემატიკა ეთნოლოგიის, ისტორიისა და ფოლკლორის სხვადასხვა დარგობრივ მიმართულებას მოიცავს და მასში კულტურული მემკვიდრეობის თემატიკაზე მომუშავე ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, შესაბამის ინსტიტუციათა წარმომადგენლები მონაწილეობენ.