უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრთან, არჩილ ბერიძესთან, ქალაქ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმში საბავშვო ბაღებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ენერგოეფექტური ბაღების პროექტის ფარგლებში, ბათუმში მე-6, მე-10 და მე-16 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამჯერად, მე-16 საბავშვო ბაღში, იმყოფებოდნენ, სადაც ამ ეტაპზე გარე ფასადის მოწესრიგებისა და შიდა ნაწილის გამაგრების სამუშაოები ხორციელდება.
გარდა ამისა, ბათუმში, დამატებით შენდება 3 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომლებიც მიმდინარე წელს შევა ექსპლუატაციაში. რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, საერთო ჯამში, ქალაქის 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში განახლდება საბაღე ინფრასტრუქტურა და ამოქმედდება ახალი საბავშვო ბაღები.