11 აგვისტო

  „11 აგვისტო ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია ჩვენი ქვეყნისათვის. თუმცა, ეს დღე, ამავდროულად, პატრიოტიზმის, თავდადებისა და სიამაყის სიმბოლოა. სენაკის მეორე ბრიგადის 17 ჯარისკაცმა სამშობლოსადმი თავგანწირვის წარმოუდგენელი მაგალითი დაგვიტოვა“,- განაცხადა  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერში გამართულ ღონისძიებაზე.

  აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წევრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  - თორნიკე რიჟვაძემ, პარლამენტარმა - რესან კონცელიძემ, ქალაქ ბათუმის მერმა - არჩილ ჩიქოვანმა, მთავრობის წევრებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა, აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს 2008 წლის აგვისტოს ომში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში დაღუპული გმირების მემორიალური დაფა.

  შეკრებილებმა წუთიერი დუმილით  პატივი მიაგეს სამშობლოსათვის თავდადებულთა ხსოვნას. აჟღერდა  საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.