08 აგვისტო

  „დღეს პატივი მივაგეთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. ეს იყო ყველაზე მძიმე და ამავდროულად საამაყო ფურცლები საქართველოს უახლოეს ისტორიაში. არათანაბარ ბრძოლაში ქართველმა ჯარისკაცებმა  შეძლეს და დაწერეს საგმირო ისტორიები, აჩვენეს სამშობლოსთვის უანგარო თავგანწირვა. ჩვენ ვალდებულები ვართ, გვახსოვდეს გმირები და ყოველდღიურად ვიბრძოლოთ მიზნისთვის, რომლისთვისაც მათ თავი გაწირეს და ესაა ქვეყნის გაერთიანება. მჯერა,  ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობიანი გზით აღვადგენთ“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ  ბათუმში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სკვერში გამართულ ხსოვნის ღონისძიებაზე. 

  2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენებიდან 16 წლისთავზე,  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა -  ტიტე აროშიძემ, ფატი ხალვაშმა, ნადიმ ვარშანიძემ, აჭარის მთავრობის წევრებმა,  საქართველოს პარლამენტის წევრმა - რესან კონცელიძემ, ქალაქ ბათუმის მერმა - არჩილ ჩიქოვანმა,  ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლებთან, ომის ვეტერანებთან  და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ახლობლებთან ერთად, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

  აგვისტოს ომს 170 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი და 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი