06 აგვისტო

    აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ტიტე აროშიძე და დავით ბაციკაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გონიოს ციხის განახლებული სამუზეუმო სივრცის  გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრნენ.

   აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაურ ახვლედიანის განცხადებით, სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური უზრუნველყოფით, ამჯერად განახლდა მუზეუმის ინტერიერი, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების სამუზეუმო სივრცე, გადახალისდა და განახლდა  სამუზეუმო ექსპონატები -   შიდა სივრცეს დაემატა ახალი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი  მნიშვნელოვანი არტეფაქტები, ტერიტორიაზევე განთავსდა “რომაული ყაზარმაც“.

   გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი 1994 წელს დაარსდა. ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ექსპედიციებმა, ციხის შიდა ტერიტორიაზე, არაერთი არქიტექტურული ნაშთი თუ არტეფაქტი აღმოაჩინეს. 2008 წელს ციხის ცენტრალურ ნაწილში გაიხსნა საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო იმ დროისათვის აღმოჩენილი ნივთები.

   ახალი სამუზეუმო სივრცის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, ქალაქ ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერები - არჩილ ჩიქოვანი და ზაზა დიასამიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი - რესან კონცელიძე, სამეცნიერო წრეებისა და სამუზეუმო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   დღესვე, ახალი სამუზეუმო სივრცე გაიხსნა პეტრას არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსშიც.       

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი