საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

კომისიამ მხარი დაუჭირა პროექტის სესიაზე განხილვას

22.თებერვალი.2018

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის 22 თებერვლის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა. მომხსენებელმა კომისიის წევრებს თავდაპირველად კანონის პროექტის  გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ მიწოდა ინფორმაცია, შემდეგ კი უშუალოდ ცვლილებებზე ისაუბრა. დავით გაბაიძის განცხადებით, კონსტიტუციური კანონის პროექტში ქვეყნის შესაბამის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე სავალდებულო, ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრის მიზნითა და სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის მიმართულებებით გათვალისწინებული ცვლილებებია.

    მომხსენებელმა უპასუხა კომისიის წევრების შეკითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები. როგორც ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა აღნიშნა, ფრაქციამ თავისი მოსაზრებები წერილობით ჩამოაყალიბა და წარმოადგინა. დავით გაბაიძის განცხადებით, მათზე მსჯელობა წამყვანი კომისიის სხდომაზე გაგრძელდება, სადაც თავს მოიყრის ყველა კომისიისა და ფრაქციის  შენიშვნები.

    კომისიამ  მხარი დაუჭირა კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს სესიაზე პირველი მოსმენით განხილვას. 

სურათები