აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან, ელისო ბოლქვაძესთან ერთად, სახელოვანი მოჭიდავის, როსტომ აბაშიძისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის პრემიერას დაესწრო. ფილმი სახელწოდებით - „როსტომ აბაშიძე - ბეჭდაუდებელი ფალავანი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის რეჟისორმა, ნანა ახვლედიანმა გადაიღო.
„როსტომ აბაშიძე ჩვენი ქვეყნის ცოცხალი ისტორიაა, რომელმაც თავისი მიღწევებით საქართველოს ძალიან ბევრი წარმატება მოუტანა და, რა თქმა უნდა, ჩვენი რეგიონის მხრიდან განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. მადლობა მას განვლილი გზისთვის. რაც შეეხება ფილმს, შესანიშნავადაა გადაღებული, საინტერესო მოსასმენი და დარწმუნებული ვარ, ეს ფილმი იქნება ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი საკუთრება, რომელიც ისაუბრებს არა მხოლოდ როსტომ აბაშიძეზე, არამედ მაგალითი იქნება მომავალი თაობებისთვის, რომლებიც უნდა მიეჩვიონ დისციპლინას, მიზანდასახულობას და იბრძოლონ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას.
როსტომ აბაშიძე 1935 წელს დაიბადა ბათუმში. მსოფლიოსა და საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონმა გამარჯვება არაერთ მნიშვნელოვან ასპარეზობაზე მოიპოვა. საერთაშორისო სარბიელზე ჩატარებული 90 ორთაბრძოლიდან არცერთი არ წაუგია - მხოლოდ ხუთი შეხვედრა დაასრულა ფრედ.
როსტომ აბაშიძის ცხოვრებისა და სპორტული კარიერის ამსახველი დოკუმენტური ფილმი აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის ფარგლებში შეიქმნა.
პრემიერას თავად როსტომ აბაშიძე, მისი ახლობლები, სპორტული სფეროს, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


















