აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა, 2027 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი და 2027–2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს.
კანონის პროექტი და მისი თანმდევი პრიორიტეტების დოკუმენტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ედნარ ნატარიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, პროექტის თანახმად, 2027 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი 1 059 000 000 ლარია და წინა წელთან შედარებით, 57 მილიონი ლარით გაიზარდა. საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 130 მილიონი ლარით, 16,25%-ით გაიზარდა და 930 მილიონი ლარია.
ედნარ ნატარიძის განცხადებით, მომავალი წლისთვის, 10 მილიონი ლარით იზრდება და 97 მილიონი ლარით განისაზღვრება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. 42 მილიონი ლარი ემატება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რომლის ბიუჯეტი, კანონპროექტის თანახმად, 215 925 000 ლარია. 7 მილიონ ლარზე მეტით იზრდება განათლებისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი და 126,037 მილიონ ლარს შეადგენს. 2 მილიონი ლარი ემატება და 54 მილიონი ლარი იქნება კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი. ერთი მილიონი ლარით გაზრდილი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი კი, 42 მილიონი ლარია.
ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების წარდგენის შემდეგ, მინისტრმა ისაუბრა რეგიონისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე, უპასუხა კომიტეტის წევრების კითხვებს და მოისმინა მათი შენიშვნები. კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.
კანონმდებლებმა სხდომაზე ასევე, მოისმინეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიერ წარმოდგენილი 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც, კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბიუროს წარედგინება.
სხდომაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა 2027 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტზე და მოხსენება - 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ; აჭარის მთავრობის ანგარიშზე კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.
კანონმდებლებმა წარმოდგენილი დასკვნა და მოხსენება ცნობად მიიღეს.









