აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2027 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი და 2027-2030 წლების პრიორიტეტები უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე უძღვებოდა. საბიუჯეტო პარამეტრებისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ მოხსენება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ წარადგინა.
მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 57 მილიონი ლარით იზრდება და ერთი მილიარდ 59 მილიონი ლარით განისაზღვრება. როგორც ედნარ ნატარიძემ აღნიშნა, კანონის პროექტი მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით დაიგეგმა.
წარმოდგენილი პროექტით, 2027 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 1 027 654,6 ათასი ლარია. მათ შორის შემოსავლები შეადგენს 947 654,6 ათას ლარს. შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი ცალკეული სახეების მიხედვით შემდეგნაირად განისაზღვრა: საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი - 930 000,0 ათასი ლარით, სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი - 17 654,6 ათასი ლარით. მინისტრის განცხადებით, მომავალი წლისთვის იზრდება თითქმის ყველა მხარჯავი დაწესებულებისა და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
კანონის პროექტის თანახმად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 215 925,8 ათასი ლარია; განათლებისა და სპორტის სამინისტრო - 126 037,1 ათასი ლარი; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 97 000,0 ათასი ლარი; სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო - 42 000,0 ათასი ლარი; კულტურის სამინისტრო - 54 000,0 ათასი ლარი.
ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების განხილვის შემდეგ მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. აღინიშნა, რომ განათლების სამინისტროსთვის გაზრდილი საბიუჯეტო ასიგნებები სკოლების რეაბილიტაციასა და სასწავლო ინვენტარის განახლებას მოხმარდება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.
ამავე სხდომაზე, მინისტრმა 2026 წლის ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა წარმოადგინა. კანონმდებლებმა ანგარიში ცნობად მიიღეს.







