აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ჯემალ გამახარიას უმასპინძლა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კანონშემოქმედებითი საქმიანობის სპეციფიკასა და თავისებურებებზე, ორი ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
„მზად ვართ კოლეგიალური თანამშრომლობისთვის. ჩვენს მეგობრობას, ურთიერთდამოკიდებულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ერთიანობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.
შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი - ზვიად ბერიძე ესწრებოდა, ყურადღება გამახვილდა აჭარაში მცხოვრები დევნილებისთვის განხორციელებულ სახელმწიფო პროგრამებზე. აღინიშნა, რომ ჩვენს რეგიონში მცხოვრები აფხაზები ინარჩუნებენ თავიანთ იდენტობას, ტრადიციებსა და ნათესაურ კავშირებს.
ცოტნე ანანიძემ და ჯემალ გახარიამ, ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კოფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური უზრუნველყოფა ჩვენი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია და ამ მიმართულებით არა ერთი პროექტი ხორციელდება.







