აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და სამომავლო ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
ცოტნე ანანიძემ ხაზი გაუსვა აჭარასა და სომხეთის რეგიონებს შორის კულტურული, საგანმანათლებლო და ტურისტული კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და აჭარაში მცხოვრები სომხური თემის როლს ქართულ-სომხური ისტორიული მეგობრობის განმტკიცებაში.
სომხეთის ელჩმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის რეგიონული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - მინურ პაქსაძე და დავით თედორაძე ესწრებოდნენ.
დეპუტატმა მინურ პაქსაძემ ყურადღება მაღალმთიანი აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ტურისტული რეგიონის, მრავალფეროვან შესაძლებლობებსა და ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა. მან ისაუბრა კურორტ გოდერძის განვითარების პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა დავით თედორაძემ ისაუბრა ორ ერს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრული და კულტურული ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
დავით თედორაძემ გაიხსენა პირადი ურთიერთობები და მრავალწლიანი მეგობრობა ცნობილ სომეხ მწერლებთან და პოეტებთან, რომლებიც სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ ბათუმსა და აჭარას. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი პირადი და შემოქმედებითი ურთიერთობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორი ქვეყნის ლიტერატურული და საგანმანათლებლო კავშირების შენარჩუნებასა და ახალი თაობებისთვის საერთო კულტურული ღირებულებების გაცნობაში.
აშოტ სმბატიანს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა გერმანიასა და ლიხტენშტეინში. 2022 წლის 24 აგვისტოდან კი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია.











