საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

03.ნოემბერი.2026
აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, რომლის მიზანი ციტრუსის მოსავლის რეალიზაციისა და ექსპორტის ხელშეწყობაა.
 
შტაბი აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა, ცოტნე ანანიძემ და ზურაბ პატარაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან - დავით სონღულაშვილთან, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან - დენის სალუქვაძესთან ერთად გახსნეს.
 
„ჩვენს რეგიონში ათიათასობით ოჯახი მთელი წლის განმავლობაში ელოდება ციტრუსის სეზონს. დამაიმედებელია აჭარის მთავრობისა და ცენტრალური ხელისუფლების მოლოდინები. მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებები არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირებას ითვალისწინებს, რაც ფერმერების პირდაპირი მხარდაჭერაა. ასევე დადებითი მოლოდინებია ექსპორტის მიმართულებით, როგორც ბიუროკრატიული პროცედურების, ისე საექსპორტო ბაზრების კუთხით. ყოველივე ეს გვაძლევს საფუძველს, რომ ციტრუსის სეზონი წარმატებით ჩაივლის“, – განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
 
შტაბის საქმიანობა საექსპორტო მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობას, საზღვაო და სახმელეთო ლოგისტიკური პროცესების კოორდინაციას, მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფასა და სეზონთან დაკავშირებული საკითხების შესაბამის უწყებებთან კოორდინირებულად გადაწყვეტას ითვალისწინებს. ასევე მოიცავს არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროცესის მონიტორინგს.
 
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერები არასტანდარტული მანდარინის ჩაბარებისთვის თითოეულ კილოგრამზე 40 თეთრს მიიღებენ. აქედან 35 თეთრი სახელმწიფო სუბსიდიაა, ხოლო 5 თეთრს საწარმო გადაიხდის. წელს აჭარაში 40 ათას ტონაზე მეტი ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი საწარმო მიიღებს, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთში მდებარე ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.
სეზონის განმავლობაში, ფერმერებისა და ექსპორტიორებისთვის, ამოქმედდება ცხელი ხაზიც, რომლის მეშვეობითაც ისინი ციტრუსის სეზონთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას მიიღებენ.
 
ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის გახსნას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების მერები.
სურათები