აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ექსპერტიზის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და ბიუროს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.
ცოტნე ანანიძემ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფისთვის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ყველა ხედავს რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი სამსახური სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენ საქართველოს სამართლიანი ქვეყნის იმიჯს ყველაზე მეტად უფრთხილდებით და აშენებთ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმიანობისთვის. ექსპერტებს საზოგადოებაში განსაკუთრებული ავტორიტეტი და ნდობა აქვთ. მათ პროფესიულ მოსაზრებებსა და დასკვნებს, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ყველა ანგარიშს უწევს“, – განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ბიუროს უფროსმა, გიორგი მურვანიძემ, დამსწრე საზოგადოებას უწყების საქმიანობის, განხორციელებული რეფორმების, ახალი შესაძლებლობების, მიღწეული პროგრესისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ღონისძიების ფარგლებში, დაჯილდოვდნენ დასავლეთ საქართველოსა და აჭარის რეგიონული დეპარტამენტების წლის საუკეთესო თანამშრომლები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ექსპერტიზის სფეროს განვითარებაში.
ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტების თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.




















