აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე თურქეთის რესპუბლიკის 103 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
ქალაქ ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებულ საზეიმო მიღებაზე, ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქეთს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ცოტნე ანანიძემ თურქ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
“ქართველები კარგი მეზობლები ვართ. გილოცავთ თურქი ხალხის ეროვნულ დღესასწაულს. თურქეთი მუდმივად, უპირობოდ და მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რისთვისაც მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ამასთან, ჩვენს ქვეყნებს, პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი თანამშრომლობის გარდა, შესაშური სახალხო დიპლომატია და ურთიერთობა აკავშირებს ერთმანეთთან. სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული, ტურისტული კავშირები, რომლებიც სულ უფრო ვითარდება, უმნიშვნელოვანესია მეზობელი სახელმწიფოებისთვის. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ასევე გადმოგცეთ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის, ზურაბ პატარაძის მილოცვა, რომელსაც დიპლომატიური საქმიანობის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს მეზობელ თურქეთის რესპუბლიკასთან“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას.
საზეიმო მიღებას თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში - იაშან ერგუნი მასპინძლობდა, რომელმაც შეკრებილებს მადლობა გადაუხადა პარტნიორული ურთიერთობებისა და თურქი ხალხის ეროვნული დღესასწაულის გაზიარებისთვის.
ღონისძიებას საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქალაქების - ბათუმისა და ქუთაისის მერები - გიორგი ცინცაძე, დავით ერემეიშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.























