აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - გოგი ფუტკარაძე და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის 51-ე სესიაში მონაწილეობენ.
ქართულ დელეგაციას, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის - ნინო ვარდოსანიძის ხელმძღვანელობით, ასევე წარმოადგენენ: ქალაქების - ფოთისა და ახალციხის მერები, ზუგდიდის საკრებულოს წევრი.
სესია 27 ოქტომბერს გაიხსნა და 29 ოქტომბერს დასრულდება. მისი დღის წესრიგი ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს. დამტკიცდა არაერთი მნიშვნელოვანი რეზოლუცია და რეკომენდაცია, რომლებიც კონგრესის 2026–2031 წლების პრიორიტეტებს, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე დემოკრატიული უკუსვლის პრევენციის მექანიზმებს, არჩევნებზე დაკვირვებასა და კორუფციის პრევენციას უკავშირდება.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პლენარულ სხდომაზე ყურადღება დაეთმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, უკრაინის აღდგენის დაფინანსებასა და ადგილობრივ თემებში ადამიანის უფლებების დაცვას.
სესიის ფარგლებში, გაიმართა კომიტეტების შეხვედრებიც, სადაც მონაწილეებმა მუნიციპალური განვითარებისა და ადგილობრივი დემოკრატიის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.








