საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

29.ოქტომბერი.2026
აჭარის უმაღლეს საბჭოს სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ.
 
სტუმრებს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ლაშა სირაბიძე და მინურ პაქსაძე შეხვდნენ.
 
მოსწავლეებთან შეხვედრისას ცოტნე ანანიძემ ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობაზე, მათი როლის გაძლიერებასა და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლების დაცვაზე.
 
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა სირაბიძემ სტუმრებს საქართველოს კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ძირითადი პრინციპები გააცნო, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვას, თანასწორობას, ყველასთვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნასა და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
 
ხულოს მუნიციპალიტეტის დელეგატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, მინურ პაქსაძემ, ყურადღება გაამახვილა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე. დეპუტატმა ასევე ისაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის, ტერიტორიული მოწყობის თავისებურებებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ.
 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პასუხები და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოესმინათ.
 
ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერეს, გაეცნენ მის ისტორიას, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და უფლებამოსილებებს.
 
ასევე გაეცნენ ჩართულობის ცენტრისა და ონლაინპლატფორმა chaerte.sca.ge-ის სერვისებს, რომლებიც მოქალაქეთა ჩართულობასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციას ემსახურება.
 
ვიზიტის მიზანს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის პრინციპების უშუალოდ გაცნობა წარმოადგენდა. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის შესახებ მათი ცოდნის გაღრმავებას.
სურათები