აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე ბრანდენბურგის ფედერალური მიწის ლანდტაგის ეკონომიკის, დასაქმების, ენერგეტიკისა და კლიმატის დაცვისა და ასევე, ევროპის საკითხებისა და განვითარების პოლიტიკის კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეს - შტეფენ კუბიცკის შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრები - რამაზ ჯინჭარაძე და ლაშა სირაბიძე ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა რეგიონულ თანამშრომლობაზე, ევროინტეგრაციის საკითხებსა და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე.
„ძალიან ვაფასებთ ობიექტურ შეფასებებს საქართველოსთან მიმართებით, რომლითაც ბატონი შტეფენი მკაფიოდ გამოირჩევა. მათ კარგად ესმით, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება არავის წინააღმდეგ არ მოქმედებს. ეროვნული ამოცანების დაძლევისთვის გვაქვს მშვიდობისა და სტაბილურობის პოლიტიკა, რაც, თავისთავად ცხადია, არავისთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ბატონი შტეფენი, ასევე ხაზგასმით აღნიშნავს მშვიდობის, სტაბილურობის როლს საქართველოში და ბოლო წლების განმავლობაში იმ ეკონომიკურ სტაბილურობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.
„შეხვედრა იყო გულწრფელი და ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ მჭიდრო თანამშრომლობას ორ საკანონმდებლო ორგანოსა და რეგიონებს შორის.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა და ევროპასთან ინტეგრაციის საკითხები“, - განაცხადა შტეფენ კუბიცკიმ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და გერმანიის ფედერალური მიწის, ბრანდენბურგის ლანდტაგს შორის თანამშრომლობას ორ ათეულ წელზე მეტი ისტორია აქვს.











