აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, უმაღლესი საბჭოს წევრ ფატი ხალვაშთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ირაკლი ცეცხლაძესთან ერთად, ლოტბარ ზორბეგ ოქროპირიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართული პოლიფონიის მნიშვნელობასა და მისი შენარჩუნების საქმეში მომღერლის განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა.
„ქართული მრავალხმიანობა და პოლიფონია ჩვენი ხალხისა და პატარა საქართველოს სავიზიტო ბარათია დიდ მსოფლიოში, ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ლეგენდარულ მომღერალს.
მას მუსიკის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და ჩვენთვისაც წარმოუდგენელია ნებისმიერი მუსიკალური ნომერი მის გარეშე. ეს არის ის სინერგია, რომელიც მის ცხოვრებაშია. სწორედ ასეთმა ადამიანებმა შემოინახეს ჩვენი ეს სავიზიტო ბარათი - თავიანთი შრომითა და სიყვარულით, გამოწვევებისა და გაჭირვების მიუხედავად.
ეს იქნება ჩვენი ნიჭის უკვდავება და ახალი თაობისთვის შესაძლებლობა, დახვეწოს, შეინარჩუნოს, გაავრცელოს და მარადიულად აქციოს იგი“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლები „ბათუმი“ და „ქობულეთი“, ასევე ქობულეთის ფოლკლორის ცენტრის მოსწავლეები. ღონისძიების წამყვანმა, ვახტანგ ახალაძემ, ისაუბრა ზორბეგ ოქროპირიძის განვლილ გზაზე, შემოქმედებასა და ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილ წვლილზე. ზორბეგ ოქროპირიძე ცნობილი ქართველი ლოტბარი, მომღერალი და ანსამბლ „ქობულეთის“ ხელმძღვანელია.
იგი წლების განმავლობაში ემსახურება ქართული ტრადიციული ფოლკლორისა და ხალხური სიმღერის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას. ღონისძიების დასასრულს, მრავალწლიანი მოღვაწეობისა და ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ზორბეგ ოქროპირიძეს საპატიო სიგელი გადაეცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითთმმართველობის წევრები.

































